Перевести страницу

სახსრები

რა არის ოსტეოპოროზი?
ოსტეოპოროზი (ოსტეო - ძვალი; პოროს - ნახვრეტი, ფორი) არის დაავადება, რომლის დროსაც მცირდება ძვლოვანი ქსოვილის მასა და იცვლება ძვლის შენება. ძვლები მყიფდება, რაც ზრდის მოტეხილობის რისკს. ოსტეოპოროზს ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს. ის ხშირად ფარულად მიმდინარეობს და პირდაპირ გართულებით - ხერხემლის, ბარძაყის ყელის ან სხვა ძვლის მოტეხილობით - იჩენს თავს.

ხშირია თუ არა ოსტეოპოროზი
ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა ცხადყო, რომ არ არსებობს არც ერთი რასა, ერი თუ ქვეყანა, ოსტეოპოროზი რომ არ იყოს გავრცელებული. უკანასკნელი მონაცემებით, აშშ-ში, ევროპასა და იაპონიაში ერთად ოსტეოპოროზით დაავადებული 75 მლნ კაცია რეგისტრირებული, რაც ნიშნავს, რომ ეს დაავადება აქვს ყოველ მესამე ქალს პოსტმენოპაუზურ ასაკში და 70 წელს გადაცილებული ქალებისა და მამაკაცების თითქმის ნახევარს.


იცვლება თუ არა ძვალი
ძვალი ხრტილოვან ქსოვილთან ერთად ქმნის ჩონჩხოვან სისტემას. ძვლოვანი ქსოვილი ორგანიზმში ასრულებს სამ ძირითად ფუნქციას - მექანიკურს (ქმნის საყრდენ-მამოძრავებელ აპარატს), დამცველობითს (წარმოადგენს კარკასს სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებისთვის, მათ შორის - ძვლის ტვინისათვის) და მეტაბოლურს (წარმოადგენს კალციუმისა და ფოსფორის დეპოს და მონაწილეობს მთელი ორგანიზმის ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში). ადამიანის ორგანიზმში მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიმდინარეობს ძველი ძვლის ქსოვილის რღვევა და ახლის წარმოქმნა. ამ პროცესს რემოდელირებას უწოდებენ. ძვლის სტრუქტურის ყოველ ცალკეულ ერთეულში რემოდელირება მიმდინარეობს დროის კონკრეტულ მონაკვეთში. ბავშვობასა და მოზარდ ასაკში ძვალი განიცდის მასიურ რემოდელირებას - ამ დროს მისი წარმოქმნა სჭარბობს რღვევას (რეზორბციას). რემოდელირების ტემპი ასაკის მატებასთან ერთად საგრძნობლად იკლებს. 25 წლისთვის ძვლოვანი მასა პიკს აღწევს. ძვლოვანი ქსოვილის დაბალი პიკური მასის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა და არასწორი კვება. 25-დან 35 წლამდე რეზორბციისა და ფორმირების პროცესებს შორის მყარდება გარკვეული ბალანსი, მერე კი იწყება ძვლოვანი მასის კარგვის პერიოდი. თავდაპირველად კარგვა უმნიშვნელოა - წელიწადში 0,3-0,5%-ს არ აღემატება. ქალებში მენოპაუზის დადგომის შემდეგ ეს პროცესი ჩქარდება - კარგვა წელიწადში 2-3%-ს აღწევს. ასე გრძელდება 65-70 წლამდე, რის შემდეგაც ძვლის მასის კარგვის პროცესი ისევ ნელდება - 0,3-0,5%-მდე იკლებს. მთლიანობაში იცვლება ძვლის აგებულება და ასაკთან დაკავშირებული მოხუცებულობითი ატროფიის შედეგად იგი უფრო მყიფე ხდება.


რატომ ვითარდება ოსტეოპოროზი
განასხვავებენ პირველად და მეორეულ ოსტეოპოროზს. პირველადია პოსტმენოპაუზის პერიოდისა და სენილური ოსტეოპოროზი, რომელიც უვითარდება ქალს მენსტრუაციის შეწყვეტის შემდეგ, ასევე - ხანში შესულთა ოსტეოპოროზი. ეს ფორმა შემთხვევათა საერთო ოდენობის 85%-ს შეადგენს. გარდა ამისა, გამოყოფენ იუვენილურ (ახალგაზრდა ასაკში განვითარებულ) და იდიოპათიურ (უცნობი მიზეზით აღმოცენებულ) ოსტეოპოროზს. მეორეული ოსტეოპოროზი სხვა დაავადებებისა და მედიკამენტების მიღების შედეგად ვითარდება. მისი მიზეზია ძვლოვანი რემოდელირების პროცესების დისბალანსი. მეორეული ოსტეოპოროზი ვითარდება ენდოკრინული (იცენკო-კუშინგის სინდრომი, თირეოტოქსიკოზი, ჰიპოგონადიზმი, ჰიპერპარათირეოზი, I ტიპის შაქრიანი დიაბეტი და სხვ.), რევმატული (რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი), საჭმლის მომნელებელი სისტემის (კუჭის რეზექციის შემდგომი მდგომარეობა, მალაბსორბციის სინდრომი, ღვიძლის ქრონიკული დაავადებები), თირკმლის (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და სხვა), სისხლის (მიელომური დაავადება, თალასემია, ლეიკოზები და ლიმფომები), სასუნთქი სისტემის (ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები) დაავადებების ფონზე, აგრეთვე - ზოგიერთი სხვა მდგომარეობის დროს (იმობილიზაცია, ალკოჰოლიზმი, ნერვული ანორექსია, კვების დარღვევა, ოვარიოექტომიის შემდეგ და სხვა) და ზოგიერთი მედიკამენტის (კორტიკოსტეროიდები, ანტიკონვულსანტები, თირეოიდული ჰორმონები, იმუნოდეპრესანტები, ალუმინ-შემცველი ანტაციდები, ანტიკოაგულანტები (ჰეპარინი), ლითიუმის პრეპარატები, ქიმიოთერაპია, ტეტრაციკლინის პრეპარატები, შარდმდენები (ფუროსემიდი), ფენოთიაზინის პრეპარატები და სხვა) ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაში


რა იწვევს დისკოგენურ რადიკულოპათიებს


დისკოგენური რადიკულოპათიები - მტკივნეული, მოტორული და ვეგეტატიური დარღვევები, განპირობებულია ზურგის ტვინის ფესვების დაზიანებით, ხერხემლის ოსტეოქონდროზის გამო.
დღეს მალათაშუა დისკოს დაზიანებას ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით. საქმე ის არის, რომ ადამიანის ორგანიზმში ახალგაზრდობიდანვე იწყება დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებები. ხერხემლის მალებს შორის არსებულ დისკოში ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, რაც მათ გაუწყლოებას იწვევს. ამის გამო დისკო მყიფდება და ძალიან ადვილად, მცირე დატვირთვის შემთხვევაშიც კი შეიძლება დაზიანდეს. ეს პროცესი მეტ-ნაკლები ინტენსივობით ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმში მიმდინარეობს, თუმცა ზოგიერთ ფაქტორს მისი დაჩქარება ან შენელება შეუძლია. ოსტეოქონდროზის დროს მალათაშუა დისკოს ნახეთქები უჩნდება. დატვირთვის დროს ამ ნახეთქებიდან შესაძლოა სითხემ გამოჟონოს. ამის შედეგად დისკოზე წარმოიშობა გამოზნექილობა, რომელსაც პროტრუზია ეწოდება. თუ ამ დროს დისკოს ბირთვიც გამოვარდა, მაშინ საქმე გვაქვს თიაქართან, რამაც შესაძლოა ზურგის ტვინის ფესვებისა და თვით ზურგის ტვინის დაზიანებამდე მიგვიყვანოს.
ოსტეოქონდროზი მრავალფაქტორული დაავადებაა. მისი განვითარების ხელშემწყობი მნიშვნელოვანი მიზეზებია:


• მემკვიდრეობითი განწყობა;
• განვითარების თანდაყოლილი მანკები;
• ჰიპოდინამია;
• ხშირი გაციება;
• გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა;
• არასწორი ვარჯიში;
• ორსულობა, მშობიარობა;
• ნივთიერებათა ცვლის და¬რღვევა;
• სკოლიოზი;
• ცხოვრების არაჯანსაღი წესი და სხვ.

როგორც წესი, მწვავე ტკივილს პაციენტები უკავშირებენ უხერხულ მოძრაობას, გაციებას ან სიმძიმის აწევას.


• მემკვიდრეობითი განწყობა;
• განვითარების თანდაყოლილი მანკები;
• ჰიპოდინამია;
• ხშირი გაციება;
• გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა;
• არასწორი ვარჯიში;
• ორსულობა, მშობიარობა;
• ნივთიერებათა ცვლის და¬რღვევა;
• სკოლიოზი;
• ცხოვრების არაჯანსაღი წესი და სხვ.

როგორც წესი, მწვავე ტკივილს პაციენტები უკავშირებენ უხერხულ მოძრაობას, გაციებას ან სიმძიმის აწევას.